"დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში" - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა რეზოლუცია მოამზადეს, რომელსაც დღევანდელ დებატებზე განიხილავენ.
დოკუმენტის პროექტი ორგანიზაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და მასში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო გამოთქმულია შეშფოთება, რაც ავტორთა შეფასებით, კითხვებს აჩენს ქვეყნის ვალდებულებებზე საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება შეუსაბამოა ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გააუქმოს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ კანონის მიღება ცალკეული შემთხვევა არ არის და წარმოადგენს მოვლენების სერიის კულმინაციას, რაც ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე მიანიშნებს.
რეზოლუციის პროექტში დაგმობილია პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება, ძალადობრივი თავდასხმები და დაშინების კამპანიები დემონსტრანტების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტის წევრების წინააღმდეგ.
"ეს თავდასხმები და დაშინების აქტები საკმარისად არ არის გამოძიებული და დაგმობილი ხელისუფლების მიერ, რასაც შესაძლოა მოჰყვეს მსგავსი აქტების დაუსჯელობის კლიმატი", - წერია დოკუმენტში.
გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში მოყვანილია ვენეციის კომისიის შეფასებები რუსულ კანონთან და სხვა სადაო კანონებთან დაკავშირებითაც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო პერიოდში მიიღო. რეზოლუციის პროექტში საუბარია მოახლოებულ არჩევნებზეც.
ავტორთა შეფასებით ამ არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასამბლეამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოში მაქსიმალურად მრავალრიცხოვანი ჯგუფი უნდა გაგზავნოს.